სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პროექტის ,,რეგიონული და მუნიციპალური პორტალის" პრეზენტაცია გამართა.
პროექტის მიზანი მუნიციპალურ დონეზე სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარება, სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
რეგიონული და მუნიციპალური პორტალი ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის და საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მოიძიონ მათთვის სასურველი სტატისტიკური ინფორმაცია, როგორც რეგიონის ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე. პორტალზე არსებული 80-მდე მაჩვენებელი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მოსახლეობა და დემოგრაფია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, მშენებლობა, ტურიზმი, ბიზნეს რეგისტრი, ბიზნეს სექტორი და სხვა. მუნიციპალიტეტების დონეზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების შესაძლებლობების ზრდა საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლებისა და დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიებით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია.
პრეზენტაციას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მთავრობის, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.