შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებს უმასპინძლა.
ომარ ტაკიძემ, სტუმრებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა მომავალი თაობისათვის განათლებისა და კულტურის მნიშვნელობას, იმ უდიდეს ღვაწლს, რომელსაც უნივერისტეტი ახალგაზრდების სწორი მიმართულებით აღზრდითა და განვითარებით ახორციელებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ერთობლივ პროექტების, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.
ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი ხიჭაურში 2008 წელს, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ინიციატივით დაარსდა, რომელშიც არა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდები და პედაგოგები ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები და ლექტორები.
უნივერსიტეტი ახორციელებს უმაღლეს-საგანმანათლებლო 24 პროგრამას, პროფესიული განათლების 3 პროგრამას და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ დროისთვის უნივერსიტეტში 1200-მდე სტუდენტი სწავლობს.