პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა რეგიონული შეხვედრების ციკლი დაიწყო და პირველი შეხვედრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართა.
შეხვედრებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - ლელა ჯანაშვილი და სამსახურის უფროსი პირველი მოადგილე - ოთარ ჩახუნაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ლელა ჯანაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მას სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმები და გამოწვევები გააცნო.
ამასთან, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა საჯარო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხვა თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, მისი, როგორც დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ფუნქციებს და მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.