შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერიის ჯანმრთელობისა და სოიალური სამსახურის უფროსი, პაატა ქათამაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბავშვთა უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებთან გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე განსაზღვრული უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმზე, რომელიც შესაბამის სამინისტროებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ბავშვის შემთხვევის მართვის პროცესში უწყებათაშორის თანამშრომლობის გააუმჯობესებას და ბავშვზე ორიენტირებული სერვისების ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის, დარგობრივი სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დისკუსია გაიმართა სამხრეთ კავკასიაში ფრიდრიხ-ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) წარმომადგენლობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, რომლებიც ბავშვის უფლებებისა დაცვისა და სოციალური მუშაობის სფეროში რეფორმებს მრავალი წელია მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე, რომელიც შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით აქტიურად გაგრძელდება.