საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიანი აჭარის რეგიონში ბექა ჯოყილაძემ, ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მასალები გადაეცათ.
შეხვედრა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.