აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", მოქალაქეთა პირველ ელექტრონულ პეტიციასთან - „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება აჭარაში“ დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პეტიციასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის ხედვას მის შესრულებაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ, პეტიციის ავტორმა - თამილა ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ - ფატი ხალვაშმა, უმაღლესი საბჭოს წევრებმა პეტიციის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, გამოცდილებასა და საჭიროებებზე ისაუბრეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის პროგრამის - „ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ 2021 წლის გამარჯვებულმა ბენეფიციარმა - თამუნა ქარცივაძემ, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, მუნიციპალიტეტების მერებმა და წარმომადგენლებმა ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და პეტიციის რეალიზების მხარდაჭერის გზებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში zoom-ის პლატფორმის საშუალებით მონაწილეობდნენ: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებების გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის პროგრამების მენეჯერი საქართველოში - ლელა აქიაშვილი, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები, დაინტერესებული მოქალაქეები.