3-27 აპრილის ჩათვლით, „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღებას იწყებს.
პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შუახევში, რომელსაც შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მეწარმეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეზღუდებათ 2020-2022 წლებში გამარჯვებულ და 2015-2018 წლების ორჯერ დაფინანსებულ ბენეფიცარებს.
გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მეწარმის მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობა გრანტის თანხის არანაკლებ 50%-ით, მაღალმთიან დასახლებებში კი, არანაკლებ 25%-ით განისაზღვრა.
პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა რამდენიმე პრიორიტეტი: - ახალი ბიზნესის წამოწყება, ახალგაზრდა მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება, ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება, შშმ პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება, სოციალურად დაუცველი პირის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება, სოფლად/მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის დაწყება/გაფართოება, განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტის განხორციელება.