შუახევის მერიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საჯარო მოხელეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა მსმენელებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა კი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიზანია დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება რეგიონებში და ასევე, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა ინტეგრაციულ პროცესებში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.