ჯვარიმინდორობის ფესტივალზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა გაიხსნამაღალმთიან აჭარაში ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორობა" გაიმართა და ტურისტული თავშესაფრები ოფიციალურად გაიხსნა.
ფესტივალი ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციებისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მთავრობის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო. მოსასვენებელი სივრცეები აჭარაში ყველაზე გრძელ ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს.
ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ ტურისტულ ბილიკზე, სადაც საპიკნიკე ზონასთან ერთად ტურისტული თავშესაფრებია მოწყობილი, მოგზაურებს საშუალება აქვთ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ.
ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და დაბიდან 40 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.