ომარ ტაკიძემ, აგვისტოს ომის გმირის, იაგო მიქელაძის დედას, ეთერ მიქელაძეს დედის დღე მიულოცა, საჩუქარი გადასცა და გმირი შვილის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა.
შუახევის მერთან ერთად, ომში დაღუპული გმირის დედას, დედის დღე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარ დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებმა მიულოცეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებისა და 2012 წელს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1 000 ლარს გადასცემს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული დახმარება მომავალი წლიდან გაორმაგდება. ოჯახები აგვისტოს თვეშიც მიიღებენ დახმარებას 3 000 ლარის ოდენობით.