აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა ხანძრისა და სტიქიის შედეგად სხვადასხვა პერიოდში დაზარალებული 72 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. კომისიას შუამდგომლობები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს. კერძოდ განხილული იქნა ხანძრის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახის, ხოლო სტიქიური პროცესების შედეგად დაზარალებული 63 ოჯახის დახმარების საკითხი.
„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ 72 ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. ფინანსურს დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი - 142 539 ლარის, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული 63 ოჯახი - 568 471 ლარის ოდენობით მიიღებს. ჯამში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 711 010 ლარი", - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.
სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
მთავრობის სარეზერვო ფონიდან გამოყოფილი თანხა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას მოხმარდება.
2022 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული - 158 ოჯახი, გამოიყო მილიონ 924 153 ლარი.