შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მთა ჩირუხში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობის საზაფხულო იალაღებზე გასვლამდე გაიწმინდა მთებში მისასვლელი გზები, გამართულია ცენტრალური ელექტროგადამცემი ქსელი და ადგილობრივებს, ელექტროენერგიით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლება.
ომარ ტაკიძის განცხადებით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ჩირუხის გზის რეაბილიტაცია, ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა, ჩირუხის ცენტრის კეთილომოწყობა, სასმელი წყლის პროექტირება. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება მობილური კავშირგაბმულობის კომპანიასთან სატელეფონო კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ადგილობრივები, როგორც ყველა მთაში აქაც ისარგებლებენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამითა და სამედიცინო მომსახურებით.
ხელმძღვანელ პირებმა დაათვალიერეს ასევე, ახალი ტურისტული ლოკაცია ,,კუნტიჯვარი“, რომელიც ჩირუხის მთიდან ბილიკით უკავშირდება დარჩიძეების ციხეს. აღნიშნულ ლოკაციაზე, აგვისტოში დაგეგმილია სახალხო დღესასწაულის ,,კუნტიჯვრობის“ ჩატარება.