შუახევის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ წარუდგინა.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, შუახევის მომავალი წლის ბიუჯეტი 36 240 000 ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 1 960 000 ლარით მეტია.
მომავალი წლის ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებზეა ორიენტირებული და მუნიციპალიტეტის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პრიორიტეტი მიენიჭება სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდას, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. გათვალისწინებულია ასევე კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვისა და მუნიციპალური სერვისების განვითარება.
ბიუჯეტის პროექტი დარგობრივ კომისიებსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში განხილვის შემდეგ, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მერს დაუბრუნდება. შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრისა წარედგინება და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დამტკიცდება.
საჯარო განხილვას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მედიისა და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
