ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და ქალთა და კაცთა თანასწორობის პოლიტიკის მხარდაჭერის მიზნით დასავლეთ საქართველოს მერების რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციისა (ა.თ.ე.ა) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტის - „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ეგიდით მოეწყო, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველ პირები, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიება ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ და UN Women-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, თამარ ვაშაკიძემ გახსნეს. გამომსვლელებმა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტებში მიღწეულ პროგრესს გაუსვეს ხაზი, რის შემდეგაც მუშაობა კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების განხილვით გაგრძელდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანია ქალისა და კაცის თანასწორობის მიმართულებით მუნიციპალიტეტების ინიციატივებსა და გამოწვევებზე მსჯელობა, კარგი პრაქტიკის გაზიარება, თანასწორობის საკითხებისთვის მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა და „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის ევროპული ქარტიის" მიზნების მიმოხილვა.