სმარტ-ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „აჭარული კინო-ამბები" წელს მეოთხედ ჩატარდა. ფესტივალმა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს 40 ქვეყნიდან უმასპინძლა და სამდღიან პროგრამას მოიცავდა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მონაწილე ფილმების ჩვენება და კომპეტენტური ჟიურის მიერ მათი შეფასება, ვორქშოპი, ასევე ტურისტულ ჯვარიმინდორზე პიარ-კამპანია და მასტერკლასი.
ფესტივალზე 450 ფილმი იყო წარმოდგენილი, საიდანაც ჟიურმა 25 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, ხოლო ფესტივალის მთავარი ჯილდო - გრან-პრი ელენე ეფრემიძეს გადაეცა ფილმისთვის ,,ყვავილი".
ნომინაციებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, გრან-პრის მფლობელს კი - სპეციალური პრიზი.
ფესტივალის მიზანია სმარტფონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი შესაძლებლობების სამყაროში ახალგაზრდების კინოხელოვნებით დაინტერესება და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის კულტურის სამინისტროსა და შუახევისა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფესტივალის მონაწილეები, ჟიურის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დასკვნითი ღონისძიება ხულოს დრამატულ თეატრში გაიმართა. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, ხოლო მისი ფინანსური მხარდამჭერია შუახევის მუნიციპალიტეტის მერია.
