შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში კომისიამ განიხილა მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც საცხოვრებელი სახურავების შეძენის, ასევე ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემას ითვალისწინებდა.
წარმოდგენილი განაცხადები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეფასდა. განხილვის შედეგად კომისიამ შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა.
მიმდინარე წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მხარდასაჭერად, საცხოვრებელი სახლების სახურავების შეძენის პროგრამისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული და აღნიშნულით 60-მდე ოჯახი ისარგებლებს, ხოლო ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების ფარგლებში, 9 ოჯახი ისარგებლებს და თითეულს 25 000 ლარი გადაეცემა.
აღნიშნული პროგრამების მიზანია სოციალურად მოწყვლადი და საჭიროების მქონე ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა.