შუახევის მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების II მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარი მიქაუტიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს შექმნის პროცესში გამოყენებული წარმატებული მიდგომებისა და პრაქტიკის, ბაღების მართვის თანამედროვე მეთოდების, პერსონალის მხარდაჭერის მექანიზმების, ინოვაციური ხედვებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარებას.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლები და პედაგოგები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებებს სპეციალური ჯილდოები და ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები.
II მუნიციპალური კონფერენცია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.