შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად, პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის მექანიზმებზე, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
შეხვედრა გაიმართა აჭარასა და პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი მეგობრობისა და პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს რეგიონებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქვემო სილეზიის სეიმიკის წევრები, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული ტშებნიცას ოლქის წარმომადგენლები, ვროცლავის, ვოლუვისა და სვიდნიცას მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი წევრები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

