შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე მოისმინეს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ანგარიშები და განიხილეს ბიუჯეტის შესრულების, ჯანდაცვის, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული მიმართულებების, შესყიდვების, ზედამხედველობითი ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესს, ტურისტული ლოკაციებისა და საპიკნიკე სივრცეების მოწესრიგებას, ასევე სამთო იალაღებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხებს.
ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და პროექტები დროულად და ხარისხიანად უნდა განხორციელდეს. შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მიეცათ კონკრეტული დავალებები.
შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.