საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების პროექტების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის რეგიონში.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის სახით გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების პროექტები წარუდგინეს.
მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიან ხედვაზე, ძირითად მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც წარმოადგენს წინაპირობას დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განხორციელებისთვის.
მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება. პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, ასევე რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.