აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის - ,,EBIT 2026" გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე.
გამოფენაში შუახევის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ტურისტული და კულტურული პოტენციალით იყო წარმოდგენილი. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ტრადიციული კერძები, დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთები და დასწრებოდნენ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს. აღსანიშნავია, რომ შუახევის კუთხემ მრავალი ქართველი და უცხოელი ვიზიტორი მიიზიდა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

