შუახევში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
შუახევის მერი ომარ ტაკიძე დაბა შუახევისა და ჭვანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.
მერიის ორგანიზებითა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 54 სოფელში ეტაპობრივად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

სოფლის კრებებზე ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საერთო კრებებზე მოსახლეობამ განსაზღვრა ის პრიორიტეტები, რომლებიც პროგრამის დაფინანსების ფარგლებში განხორციელდება.
მოსახლეობასთან შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეული პროექტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად და უახლოეს პერიოდში დაიწყება განხორციელება.
ომარ ტაკიძესთან ერთად შეხვედრებს მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
