შუახევის მუნიციპალიტეტში პოეტის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ ზოიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ზურაბ ზოიძის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს პოეტის მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობასა და მის ღვაწლზე.
ზურაბ ზოიძე არის 21 წიგნის ავტორი და არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მათ შორის თედო სახოკიასა და ჰაიდარ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. იგი გახლდათ საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირების წევრი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ადგილობრივ გამოცემებს და იკავებდა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, მუსიკალურ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი „ჭვანა".
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ოჯახის წევრები.
ზურაბ ზოიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო შუახევის კულტურის ცენტრისა და ახალდაბის საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართა.