დღეს, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ღონისძიება სოფელ ნიგაზეულიდან დაიწყო, სადაც შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, მთავრობის წევრებთან და ადგილობრივებთან ერთად სელიმ ხიმშიაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
სახალხო ზეიმის მონაწილეებმა შემდეგ ხულოში გადაინაცვლეს, სადაც ხულოს თვითმმართველობისა და მთავრობის წევრებთან ერთად შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, შემდეგ კი, ღონისძიება სერიყანაში გაგრძელდა, სადაც გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.
სელიმობის დასკვნითი ნაწილი, საზეიმო კონცერტი, ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში მოეწყო. ღონისძიებაზე, სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, მეუფე სპიროდონმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
„სელიმობა“ ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა .
სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს პარლამენტის, რეგიონის საკონონმდებლო ორგანოს, სასულიერო პირების, სამეცნიერო წრეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.